მოგზაურობა ბავშვებთან ერთად 

გადატვირთული რეჟიმის გამო მშობლებს სულ უფრო ცოტა დრო რჩებათ შვილებთან ურთიერთობისთვის. სამსახური, სკოლა, ბაღი, ცეკვა, მუსიკა, ცურვა… მუდმივად მოძრაობაში ყოფნა. ძილის წინ გამოთავისუფლებული რამდენიმე წუთი ან თუნდაც 1 საათი, რომელიც შეგვიძლია მოვახმაროთ ბავშვებს, არ არის საკმარისი.  მოგზაურობა ბავშვებთან ერთად საუკეთესო საშუალებაა იმისათვის, რომ მეტი თავისუფალი დრო გავატაროთ მათთან.

რა უპირატესობები აქვს ბავშვებთან ერთად მოგზაურობას?

  1. ეს უფრო კრავს ოჯახს, რჩება უამრავი დადებითი მოგონება.
  2. ბავშვები ხდებიან უფრო მეტად მოქნილები და უვითარდებათ გარემოსთან ადაპტაციის უნარი.
  3. მოგზაურობის დროს სამყარო ხდება ბავშვების საკლასო ოთახი, სადაც ძალიან ბევრ საინტერესო ამბავს იგებენ,თანაც ძალიან საინტერესო ფორმით.

რა სირთულეებს შეიძლება წავაწყდეთ ბავშვებთან ერთად მოგზაურობის დროს?

  1. აკლიმატიზაციის გამო შეიძლება ბავშვი ჭირვეულობდეს.
  2. განსხვავებული ტიპის საკვებზე (ან თუნდაც ჩვეულ საკვებზე) უარს ამბობდეს.
  3. მართალია ბავშვები არასოდეს იღლებიან, მაგრამ როგორც კი საქმე მიდგება ქუჩებში ხეტიალზე და მუზეუმების დათვალიერებაზე, თუნდაც შოფინგზე, უცებ აწუწუნდებიან ხოლმე.
  4. სიცხე, მუცლის ტკივილი- ხშირად უდროო დროს დაგვატყდება ხოლმე თავს ავადმყოფობა, ამიტომ მომზადებული უნდა წახვიდეთ.

9 რჩევა, რომელიც გამოგადგებათ მოგზაურობის დროს და დაგეხმარებათ სახლში დაბრუნდეთ დადებითი მოგონებებით  

  1. შეამოწმეთ თქვენი და თქვენი შვილების პასპორტები:

თუ თქვენ თავად ბევრს მოგზაურობთ, ალბათ ჩვევაშიც გექნებათ საკუთარი პასპორტის გადამოწმება მოგზაურობის წინ, მაგრამ  თუ თქვენ დაგავიწყდებათ შვილის პასპორტის შემოწმება, ეს გაუთვალისწინებელი აუცილებლობა უკვე აეროპორტში ძალიან ძვირი დაგიჯდებათ.

ასე რომ,  დააფასეთ  დრო და გადაამოწმეთ პასპორტები წინასწარ!

  1. შეადგინეთ ბავშვებისთვის საინტერესო ტური

თუ თქვენ გსურთ  შვებულება  გაატაროთ  იბიცაზე, ეს  არ  ნიშნავს იმას, რომ თქვენს შვილსაც იგივე სურს. გახსოვდეთ, რომ თქვენ ისვენებთ ბავშვთან ერთად, რაც იმას ნიშნავს,  რომ მათი  საჭიროებები უნდა იყოს თქვენთვის  პრიორიტეტი. შეარჩიეთ დასასვენებელი ადგილი იქ, სადაც ორივე- ბავშვიც და მშობლებიც იპოვით  გასართობს. დაგეგმეთ  საოჯახო აქტივობები, სადაც ოჯახის ყველა წევრი იქნება დაკავებული და იპოვეთ საერთო ინტერესები. იმისათვის, რომ ბავშვებისთვის მოსაწყენი არ იყოს ღირშესანიშნაობების დათვალიერება, წინასწარ მოიძიეთ საბავშვო აქტივობები. ბევრ ქვეყანაში მუზეუმშები და ბიბლიოთეკებში იმართება ბავშვებისთვის საინტერესო აქტივობები.  ტურის დაგეგმვის დროს ჩართეთ ბავშვებიც მომზადების პროცესში. უთხარით მოძებნონ რუქაზე ან გლობუსზე ის ქვეყანა და ქალაქი, სადაც აპირებთ გამგზავრებას. ერთად მოიძიეთ ინფორმაცია ამ ქვეყნის ღირშესანიშნაობების შესახებ და ეცადეთ ისე დაგეგმოთ ტური, რომ  ჩასმული იყოს თქვენთვის და ბავშვებისთვის საინტერესო აქტივობები.

  1. იქონიეთ რადიო ლოკატორი:

აეროპორტები და რკინიგზის სადგურები, ასევე პოპულარული ტურისტული  ადგილები ხშირად ხალხით არის გადატვირტული. ამგვარ ადგილებში მშობლები კარგავენ  ბავშვებს. თუ ფიქრობთ,რომ შეიძლება  დადგეთ ამ საშიშროების წინაშე, მაშინ იქონიეთ საბავშვო  რადიო ლოკატორი, რათა გააკონტროლოთ ბავშვის გადაადგილების წერტილი. ასევე არსებობს სასარგებლო  აპები მობილური ტელეფონებისთვის, რომლებიც  უზრუნველყოფენ თქვენი ბავშვის უსაფრთხო მოგზაურობას თქვენს გვერდით.

  1. მოერიდეთ მძიმე ბარგს:

როდესაც მოგზაურობთ მთელი ოჯახი, ძნელია თავიდან აიცილო მძიმე ბარგი, თუმცა საოჯახო ბარგის შეფუთვა არც ისეთი რთულია  როგორც ეს დედების უმრავლესობას ჰგონია. შეამოწმეთ ამინდი და გაიგეთ  თუ როგორი სტილის დასვენებას/აქტივობებს აპირებენ  ოჯახის წევრები, გაითვალისწინეთ დასვენების დღეების რაოდენობა და დააზუსტეთ, თუ სად აპირებთ ამ პერიოდში ცხოვრებას. სთხოვეთ თქვენს შვილებს აირჩიონ ნივთები, რომლებიც მათ უნდათ რომ თან ჰქონდეთ, შემდეგ თქვენ გადაწყვიტეთ რა არის საჭირო მათგან და რა არა. თუ თქვენი ოჯახი  რამდენიმე წევრისგან შედგება, სთხოვეთ ერთ-ერთ მათგანს (ჩემთან ამას უფროსი გოგონა დიდი სიამოვნებით აკეთებს J ) შეადგინოს სია, სადაც გათვალისწინებული იქნება ყველას აზრი, ბოლოს შეაჯამეთ და ნახეთ რისი გადახაზვაა შესაძლებელი.

  1. ქცევა თვითმფრინავშითუ ბავშვი ტრანსპორტში ჭირვეულობს, გაითვალისწინეთ შემდეგი რჩევები:

–  საკვები ამშიდებს ბავშვს. შეიძლიათ მისცეთ ხილი, წვენი, ორცხობილა ან რაიმე ნუგბარი.

– იმისათვის, რომ ბავშვს არ მობეზრდეს მგზავრობა და ჭირვეულობა არ დაიწყოს, მოუწყვეთ მას მოულოდნელი სურპრიზები, მაგალითად: ახალი წიგნი, სათამაშო, ფანქრებით გასაფერადებელი ჟურნალი, დასაკრავი სტიკრები და ა.შ.

-ყურადღებას ნუ მიაქცევთ უკმაყოფილო მგზავრებს. შეინარჩუნეთ სიმშვიდე და ბავშვს მშვიდად ესაუბრეთ.

-ეცადეთ ბავშვი ფანჯრის მხარეს დასვათ, ეს მას აუცილებლად დაამშვიდებს.

-თუ თქვენ ბავშვს არასოდეს აძლევთ ტელეფონს, ფოტოაპარტს ან საფულეს, ამის უფლება შეგიძლიათ მისცეთ თვითმფრინავში.

-თუ ფრენამდე კარგა ხანია დარჩენილი, ნუ იჩქარებთ თვითმფრინავში ასვლას, გაისეირნეთ ბავშვთან ერთად აეროპორტის ტერიტორიაზე, ან მიეცით ამის საშუალება თავად მას. უბრალოდ აუხსენით წესები, რა და როგორ მუშაობს, რისთვის არის ესა თუ ის მოწყობილობა, რომელიც დამონტაჟებულია აეროპორტის შენობაში და მსგავსი საინტერესო ფაქტები – ასე ბავშვი კარგადაც გაერთობა, დაიღლება და თვითმფრინავში მალევე ჩაეძინება.

  1. ეძებეთ საოჯახო ტიპის სასტუმროები:

ისევ და ისევ თუ თქვენი შვილი ვერ გრძნობს თავს კომფორტულად სასტუმროში, შეცვალეთ და  გადადით საოჯახო ტიპის, მეგობრული დამოკიდებულების მქონე სასტუმროში.

ბავშვებთან მოგზაურობისას უმჯობესია იქირაოთ სამზარეულო კუთხის მქონე ოთახები ან ბინა. ასე თქვენ შეძლებთ შეიძინოთ პროდუქტები და თავად მოამზადოთ, რაც საკმაოდ დაგიზოგავთ თანხას და ბავშვებიც მათთვის საყვარელ კერძებს მიირთმევენ.

  1. წაიღეთ მხოლოდ საჭირო ნივთები:

არ გჭირდებათ ძალიან ბევრი სათამაშოს და  ტკბილეულის  წაღება. შეგიძლიათ თავად  მოიგონოთ მათთან ერთად ახალი სათმაშო, აწარმოოთ სამოგზაურო დღიურები, წაიკითხოთ, მოუყვეთ ერთმანეთს ისტორიები, მიეცით ბავშვს საშუალება კამერით თავად გადაიღოს  მოგზაურობის განმავლობაში  ფოტოები და ოჯახთან ერთად დასვენების  საუკეთესო  წუთები აღბეჭდოს. საუკეთესო გასართობია ასევე სამაგიდო თამაშები.

  1. ჩაალაგეთ მცირე რაოდენობის პირველადი დახმარების ნაკრები:

რაც არ უნდა მოკლე ხანგრძლივობის იყოს თქვენი მოგზაურობა,  პირველადი დახმარების ნაკრები აუცილებლად გასათვალისწინებელია. თუ თქვენ არ იცით ზუსტად რა უნდა იქონიოთ თან  მოგზაურობის დროს,  გირჩევთ კონსულტაცია  გაიაროთ პედიატრთან, რადგან ყველა ბავშვი ინდივიდუალურია მედიკამენტებთან მიმართებაში.

  1. დასვენების დღეებიც საჭიროა.

გაითვალისწინეთ, რომ ბავშვები სწრაფად იღლებიან ღირსშესანიშნაობების, მაღაზიების და ქუჩების დათვალიერებისას. ამიტომ, საჭიროა დასვენების დღეების მოწყობა. მოგზაურობის დროს გამოყავით დღე, როდესაც უბრალოდ პარკში გაისეირნებთ, ან გასართობ ცენტრში წაიყვანთ, ან სულაც სასტუმროში იკოტრიალებთ.

მოგზაურობა პატარებთან ერთად  საინტერესოც და ამავე დროს ამაღელვებელია.  პირველი  საოჯახო მოგზაურობა შეიძლება არ იყოს საინტერესო, მაგრამ თუ თქვენ დაგეგმავთ მას გონივრულად, თქვენი ოჯახთან ერტად გატარებული დასვენების დღეები იქნება ყველაზე დასამახსოვრებელი. ჩართეთ პატარები სამოგზაურო სამზადისში და გვერწმუნეთ,  ისინი ბევრ საკითხში  გაგიწევენ დახმარებას.

ბედნიერ მოგზაურობას გისურვებთ! <3

 

Close Menu