მოგზაურობა ბუდაპეშტში

მოგზაურობა ბუდაპეშტში

ბუდაპეშტი ევროპის ერთ-ერთი ყველაზე იაფი, გამორჩეულად ლამაზი და სანახაობებით სავსე ქალაქია. იუნესკოს მსოფლიო კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების სიაშიც მისი ბევრი შენობა-ნაგებობა თუ სანახაობაა შესული: დუნაის ნაპირები, ბუდას ციხე-სიმაგრე, ანდრაშის პროსპექტი, მეტროს ხაზი 1.

როგორ მოვხვდეთ ბუდაპეშტში?

პირველ რიგში უნდა დაიწყოთ ავიაბილეთის ძებნით. ქუთაისიდან რეისების სანახავად გადადით ბმულზე www.wizzair.com არ დაგავიწყდეთ ონლაინ ჩექინი გაფრენამდე. სხვა შემთხვევაში, აეროპორტში მოგიწევთ დამატებითი ხარჯის გაღება.

ქუთაისი – ბუდაპეშტი – ქუთაისი ორმხრივი ავიაბილეთი ქუთაისიდან ვიზეარით ვიყიდე 265 ლარად. (2018 წლის აპრილში, 2018 წლის ივნისის რეისზე)

თბილისიდან ქუთაისის მიმართულებით გადის Georgian Bus-ის ავტობუსები. ბილეთის ფასი-20 ლარი, ორმხრივი ბილეთის აღების შემთხვევაში, არის ფასდაკლება. ბილეთების შეძენა შეგიძლიათ როგორც საიტზე www.georgianbus.com ასევე ადგილზეც. ავტობუსები გადის თავისუფლების მოედნიდან (პუშკინის სკვერის მიმდებარე ტერიტორია) და მიგიყვანთ პირდაპირ აეროპორტში. ავტობუსების გასვლის გრაფიკი მორგებულია ფრენების გრაფიკზე.

სასტუმროს/ჰოსტელის/ბინის დაჯავშა შეგიძლიათ საიტებზე:

აიღეთ სამოგზაურო დაზღვევა — სამოგზაურო დაზღვევა დღეში 1 ლარი ღირს. სამოგზაურო დაზღვევის შეძენა სადაზღვევო კომპანიების სერვის ცენტრებში შეგიძლიათ.

არ დაგავიწყდეთ მობილურის როუმინგში ჩართვა. მე ჩართული მქონდა მაგთის „მოგზაური“ და 1 დღიანი ინტერნეტი, რომელიც 5 ლარი ღირს. ბუდაპეშტში კი შევიძინე Vodafone-ის ბარათი. უცხო ქვეყანაში მოგზაურობის დროს ძალიან მნიშვნელოვანია გქონდეთ ინტერნეტი, Google Map-ის და GPS-ის დახმარებით ადვილად გაიგნებთ გზას. ასევე, თან იქონიეთ მობილურის ჩანთის/ჯიბის დამტენი, შუა გზაში რომ არ დაგიჯდეთ.

აეროპორტიდან სასტუმრომდე/ბინამდე მისვლა შეგიძლიათ

  • საზოგადოებრივი ტრანსპორტით (# 100) რომელიც მიგიყვანთ ცენტრში
  • აეროპორტის მინი ავტობუსით Airport Shuttle miniBUD – რომლის ფასიც 1 მგზავრზე იწყება 6 ევროდან და იზრდება მანძილის შესაბამისად. ეს არის Door to Door მომსახურება, ანუ მიგიყვათ თქვენ სასტუმრომდე/ბინამდე.
  • ტაქსი

აეროპორტიდან ქალაქის ცენტრამდე დაახლოებით 40 წუთში მიხვალთ.

MiniBUD საკმაოდ მოსახერხებელია და საშუალო ფასიანი. აეროპორტის გამოსასვლელში გხვდებიან თანამშრომლები სარეკლამო ფლაერებით და გთავაზობენ მომსახურებას. იქვე, ოფისში მისამართის მიხედვით გეტყვიან ფასს. თან იქონიეთ ევრო ან უნგრული ფორინტი. ადგილზე საშინელი კურსია დოლარის გადასახურდავებლად. შემდეგ ტაბლოზე დაეწერება თქვენი ბილეთის ნომერი და ავტობუსის ნომერი, რომელსაც უნდა გაყვეთ. გაითვალისწინეთ, წინასწარ თუ იყიდით უკან დასაბრუნებელ გზასაც, გექნებათ ფასდაკლება. თუ წინასწარ ვერ/არ იყიდით, წამოსვლის წინა დღეებში შეგიძლიათ ონლაინ შეიძინოთ ბილეთები ვერ გვერდზე https://www.minibud.hu/en

როგორ ვიმოძრაოთ ქალაქში?

ბუდაპეშტი ფეხით მოსავლელი ქალაქია, თუმცა, ტრანსპორტი მაინც დაგჭირდებათ. იმისათვის, რომ გადაადგილდეთ ქალაქში, სპეციალური აპარატების საშუალებით უნდა შეიძინოთ ბილეთები, რომლებსაც გამოიყენებთ როგორც მიწის ზედა, ასევე მიწის ქვედა ტრანსპორტში. შეგიძლიათ შეიძინოთ როგორც ერთჯერადი, ასევე მრავალჯერადი ბილეთები. ერთი გზის ფასია 350 ფორინტი. აპარატების განლაგების ნახვა შეგიძლიათ ვებ. გვერდზე https://www.bkk.hu/pontkereso/ შეიყვანეთ მისამართი და გაჩვენებთ რუქას, ჩემსავით რომ არ მოგიწიოთ მთელი ქალაქის ფეხით მოვლა აპარატის ძებნისას.

რა ვნახოთ?

ფუნიკულიორი, ბუდას ციხე, მეთევზეების ბასტიონი, მატეუშის ეკლესია. ეს ყველაფერი ერთმანეთთან ახლოს მდებარეობს, ფეხით შემოივლით და ძალიან ისიამოვნებით არქიტექტურით და ხედებით ქალაქზე. არის ფასიანი და უფასო გადმოსახედი ადგილები. უფასოდანაც მშვენიერი ხედი იშლება, თუ თანხა არ გექნებათ, თავს ნუ შეიკავებთ ასვლისგან.

ფუნიკულიორზე ტრანსპორტიც ადის, მაგრამ არც ფეხითაა რთული, მთავარია კომფორტული ფეხსაცმელი გეცვათ. უკანა გზაც ფეხით ჩამოვიარეთ და ჯაჭვის ხიდზეც ფეხით გადავედით.

წმინდა სტეფანეს ბაზილიკა – ბუდაპეშტში თუ მოხვდებით აუცილებლად უნდა ესტუმროთ ამ ადგილს… ეს არის ქალაქის ერთ-ერთი სიმბოლო, გარედანაც და შიგნიდანაც ძალიან შთამბეჭდავია. შესვლა უფასოა.

ასევე ნუ დატოვებთ ამ ქალაქს, რომ არ ნახოთ მათი ცნობილი თერმული აბანოები. ყველაზე ცნობილია – Széchenyi Thermal Bath თერმული წყლები.

პარლამენტის შენობა აუცილებლად სანახავ სიაში უნდა ჩასვათ. ულამაზესი შენობაა, შიდა ტურის აღება შეგიძლიათ ვებ. გევრდზე http://hungarianparliament.com/tours/, აქვე ნახავთ ფასებს და სხვა დამატებით ინფორმაციას პარლამენტის ტურთან დაკავშირებით. პარლამენტის შენობისგან არც ისე შორს მდებარეობს სახელგანთქმული რესტორანი Sir Lancelot, რომელსაც ჩემი აზრით აუცილებლად უნდა ეწვიოთ. გარდა იმისა, რომ აქ დააგემოვნებთ უგემრიელეს კერძებს, თქვენ ასევე იხილავთ შთამბეჭდავ შოუს და იმოგზაურებთ შუა საუკუნეების უნგრეთში. გაითვალისწინეთ, მაგიდა წინასწარ უნდა დაჯავშნოთ.

Close Menu