ნინის მოგზაურობა ესპანეთში

ნინის მოგზაურობა ესპანეთში

ფლამენკო, კორიდა, სანგრია, ფეხბურთი, გაუდის არქიტექტურა, სალვადორ დალი – ეს ის საკვანძო სიტყვებია, რომლებიც, სავარაუდოდ, პირველი გახსენდება, როცა საქმე ესპანეთს ეხება. სუბტროპიკული ხმელთაშუაზღვიური ცხელი ჰავა, მწველი ზაფხულითა და რბილი, წვიმიანი ზამთრით – ეს ქვეყანა გულგრილს ვერავს დატოვებს.

ზოგადად, როცა საქმე მოგზაურობას ეხება, განსხვავებულია მოსაზრებები და განსხვავებულია კონკრეტული ლოკაციის აღქმებიც. თუმცა, ვფიქრობ, ძნელად მოიძებნება მოგზაურობის მოყვარული ადამიანი, რომლის ე.წ სამოგზაურო სიაშიც ესპანეთი ერთ-ერთ მოწინავე ადგილს არ იკავებს.

მოკლედ, მოიმარჯვეთ ზურგჩანთები, კომფორტული ფეხსაცმელი, მზის სათვალე და ქუდი – აქ თქვენ ძალიან ბევრი სიარული მოგიწევთ, თუ გინდათ, რომ ამ ქვეყნის სულს ჩაწვდეთ.
რთულია ერთ ტურში მოიარო და ნახო მთელი ქვეყანა, თუმცა რამდენიმე მნიშვნელოვანი ქალაქის ნახვას მაინც მოასწრებ. მე მაგალითად, წინა ზაფხულს მადრიდსა და ბარსელონას ვესტუმრე. (აქვე გაფრთხილებთ, რომ თუ სიცხე თქვენთვის ზედმეტად შემაწუხებელია და იმხელა დისკომფორტს გიქმინთ, რომ სიარული გიჭირთ – ამ ქვეყანას ზაფხულის თვეებში ნუ გაეკარებით – ტემპერატურა 40-დან 50 გრადუსამდე ადის. ამიტომ, ესპანური ტური სხვა სეზონისთვის გადადეთ.

არ ვიცი ჩემი გამოცდილება, ან რჩევები რამდენად გამოგადგებათ, თუმცა 2 ქალაქის მაგალითზე იმ რამდენიმე მნიშვნელოვან ლოკაციაზე მოგიყვებით, რომლებიც აქ აუცილებლად უნდა ნახოთ !!!

პირადად მე, მოგზაურობას ყოველთვის რამდენიმე თვით ადრე ვგეგმავ… ასე ბევრად კარგად ვასწრებ მომზადებას, ვეცნობი ისეთ დეტალებს რაც აქამდე არ მსმენია იმ ქვეყანაზე, სადაც მივდივარ. გარდა ამისა, ვფიქრობ, მოგზაურობის რამდენიმე თვით ადრე დაგეგმვა ბევრად მისაღები და ადამიანური ფასები ჯდება… თუ მოგზაურობას თქვენით გეგმავთ, ყიდულობთ ავიაბილეთებს, ჯავშნით ბინას, ჰოსტელს ან სასტუმროს, ნახევარი ფასი დაგიჯდებათ, ვიდრე მას ვინც ტურისტულით სარგებლობს. თუმცა, მე ამ უკანასკნელის მომხმარებელი ვარ, რადგან ასე უფრო მეკომფორტულება და თავს მშვიდად ვგრძნობ…

მოკლედ, ჩემი მოკრძალებული აზრით და ღრმა რწმენით,  თუ წინასწარ იცით, პირობითად, მიმდინარე წლის ზაფხულში, გაზაფხულზე, ან სხვა სეზონზე, რისი ნახვა გსურთ, დაიწყეთ მოგზაურობის დაგეგმვაზე ფიქრი წინასწარ.

3-4 თვით ადრე ან თქვენით „ჩაუჯექით“ ავიაკომპანიების ვებგვერდებს და გადახედეთ ავიაბილეთების ფასებს, ან ამაში სანდო ტურისტული კომპანია დაიხმარეთ.

შემდეგ აუცილებლად გადახედეთ აუცილებლად სანახავი ადგილების სიას, რისი ნახვა გსურთ თქვენ, ან რა არის ისეთი, რის ნახვასაც სხვები გირჩევენ. დაიანგარიშეთ წინასწარ რომელ მუზეუმშია, ან სხვა „სანახავ ადგილას“ შესვლა რა ღირს – მოკლედ წინასწარ გაწერეთ თქვენი ბიუჯეტი, რომ ადგილზე არასასიამოვნო მოულოდნელობის წინაშე არ აღმოჩნდეთ.

თუ მოგზაურობაზე დამოკიდებული ადამიანი ხართ, გეცოდინებათ ისიც, რომ ტრანსპორტში თანხები მაქსიმალურად უნდა დაზოგოთ. ტაქსის მძღოლები სხვა ქვეყნებშიც ზუსტად ისე ექცევიან უცხოელ ტურისტებს, როგორც ჩვენთან.. ანუ, 3-ჯერ და 4- ჯერ მაღალ ტარიფს ახდევინებენ მომსახურებისთვის.

ამიტომ, მნიშვნელოვანია რომ კონკრეტული ქალაქის ცენტრში, ან ცენტრთან ახლოს შეარჩიოთ თქვენი ბინა, ჰოსტელი ან სასტუმრო. მართალია, ცენტრში მდებარე განთავსების ობიექტები უფრო ძვირი ღირს, მაგრამ გარეუბნიდან ცენტრამდე ყოველდღე ტრანსპორტით სიარულში ბევრად მეტი დაგეხარჯებათ. ასე, რომ „მიაწექით“ ცენტრალურ ადგილებს.

წინასწარ, ონლაინ იყიდეთ იმ მუზეუმებისა, თუ სხვა მნიშვნელოვანი ადგილების სანახავად საჭირო ბილეთებიც, რაც იცით, რომ გაინტერესებთ და უნდა ნახოთ – ადგილზე რიგებში დგომა და მთელი დღის დაკარგვა რომ არ მოგიწიოთ.

მოკლედ, ეს რამდენიმე მცირედი რჩევა, რაც დარწმუნებული ვარ, თუ ხშირად მოგზაურობთ, თქვენ ჩემზე უკეთ გეცოდინებათ. მაგრამ, თუ ვინმე პირველად აპირებს, საქართველოს ფარგლებს გასცდეს, ალბათ, მას დაეხმარება ეს რეკომენდაციები.

მოკლედ, სანამ მთავარ თემაზე გადავედი, მგონი უკვე დაგღალეთ 🙂 მადრიდსა და ბარსელონაზე გიყვებოდით… ორი ერთმანეთისგან განსხვავებული ქალაქი, თუმცა ორივე თამამად შეიძლება მიიჩნიო პლანეტის ულამაზეს ქალაქებად.
მადრიდი ჩემთვის რაღაც დიდებულ და ამაღლებულ გრძნობასთან ასოცირდება. უამრავი ტურისტი, მზის სხივები, ნათელი ფერები, ღიმილი ყველგან და მუსიკა… უდავოდ ჯადოსნური ქალაქი, რომელიც სავსეა მუზეუმებით.

რა ვნახოთ მადრიდში?
არ აქვს მნიშვნელობა ხართ თუ არა ხელოვნებათმცოდნე, მხატვრობის, თუ არქიტექტურის მოყვარული – მადრიდში პრადოსმუზეუმი აუცილებლად უნდა ნახოთ. აქ მსოფლიო საგანძურია თავმოყრილი – 6 ათასზემეტიტილო, 400-ზე მეტი სკულპტურა, სხვადასხვა საიუველირო ნაკეთობები. აქ შესვლა დაახლოებით 15 ევრო ღირს. ყოველშემთხვევაში ასე ღირდა გასულ ზაფხულს.

რადგან მუზეუმებზე ვსაუბრობთ, აქვე გირჩევთ, ეწვიოთ კიდევ 2 მნიშვნელოვან მუზეუმს ხელოვნების მიმართულებით: ტისენ-ბორნემისას გალერეას, სადაც ინახება მონეს, ვანგოგის, რენუარის, პიკასოს შედევრები და ასევე,დედოფალ სოფიას მუზეუმს თანამედროვე ესპანელი და უცხოელი მხატვრების ნამუშევრებით.

თუმცა, მადრიდი მარტო ხელოვნების მუზეუმებით არ გამოირჩევა, აუცილებლად სანახავია ჰამონისმუზეუმი. აქ შესაძლებელია იბერიკოსა და სერანოს დაგემოვნება.

და ბოლოს… მადრიდი კორიდას გარეშე წარმოუდგენელია – ამიტომ, კორიდას მუზეუმის ნახვაც შეგიძლიათ დაგეგმოთ. აქ გაიგებთ საიდან და როგორ გაჩნდა კორიდა, გაეცნობით წესებს, ნახავთ მატადორის კოსტუმებს….
მუზეუმებზე არანაკლებ შთამბეჭდავია მადრიდული სამეფოები… აუცილებლად უნდა ნახოთ მადრიდის სამეფო სასახლე, რომელიც ტურისტებისთვის ღიაა.

ჩემი საყვარელი ადგილი მადრიდში „გრან ვიაა“- ქალაქის მთავარი ქუჩა, სადაც ყველაზე მძაფრად იგრძნობა ქალაქის მაჯისცემა. ეს ქუჩა განსაკუთრებით უყვართ შოპინგის მოყვარულებსაც. აქ თავმოყრილია მოდური ბუტიკები, საიუველირო სალონები, ბარები და კაზინოები.

არ უნდა გამოგრჩეთ მადრიდის მთავარი მოედნის – ულამაზესი პლასა მაიორის ნახვაც. თუმცა, მადრიდის პლუსი სხვა ქალაქებისგან განსხვავებით სწორედ ისაა, რომ ქალაქის მთავარი ღირსშესანიშნაობები არ არის გაფანტული სხვადასხვა ლოკაციაზე. ფაქტობრივად, ერთ სივრცეშია თავმოყრილი და 3-4 დღეშიც შესაძლებელია, რომ ქალაქის მთავარი ადგილები მოინახულოთ.

პლასამაიორი განსაკუთრებით ლამაზია ღამით, როდესაც მიმდებარე კაფეების შუქი და თავად მოედნის განათება ინთება.ყურადღება უნდა მიაქციოთ სიბელის მოედანსაც, რომელსაც ქალღმერთ სიბელესის სახელი ქვია.

მადრიდში უხვადაა სხვადასხვა არქიტექტურის მქონე ქრისტიანული, თუ არა ქრისტიანული ტაძრებიც, რომელთა არქიტექტურაც ნამდვილად იპყრობს ტურისტების ყურადღებას.

ძალიან საინტერესოა მადრიდის რკინიგზის სადგური და ქალაქის მთავარი ბაზარიც. მადრიდის სულის შესაგრძნობად გაემართეთ სანმიგელის ბაზარში Plaza de San Miguel-ზე. აქ ადგილობრივ დელიკატესებს შეიძენთ. რადგან კვებაზე ვსაუბრობთ, აუცილებლად ეწვიეთ ჩოკოლატერიასაც, San Ginés-ში, რომელიც საუკეთესო ჩუროებითაა სახელგანთქმული. ნამდვილი ცხელი შოკოლადის გემოს აქ შეიგრძნობთ. ხო, კიდევ ერთი, ნამდვილი ესპანური სანგრიას გასინჯვის გარეშე, მადრიდიდან ნუ წამოხვალთ 😉

რაც შეეხება რკინიგზას, ატოჩას სადგური – ის ესპანეთის უმსხვილესი რკინიგზის სადგურია. გამორჩეულია იმით, რომ აქ ტროპიკული ბაღია მოწყობილი.

ვიდრე მადრიდს დავტოვებთ, გეტყვით, რომ ეს ქალაქი ეკოლოგიას დიდ ყურადღებას უთმობს და აბსოლუტურად გამწვანებულია. არის უამრავი პარკი, მათ შორის გამორჩეულია რეტიროსპარკი, რომელიც ცენტრთან ახლოსაა. აქშეგიძლიათ ნახოთ თოჯინების წარმოდგენა, გაისეირნოთ ნავით, გაგრილდეთ შადრევნებთან. მადირდშივეა უდიდესი პარკი „კასადეკამპო“ტბით, ფუნიკულიორით, ატრაქციონებითა და ზოოპარკით.

რთულია, რამდენიმე დღეში ამოწურო ეს შესანიშნავი ქალაქი, ალბათ ამ სანახავი ადგილების სიას კიდევ ძალიან ბევრ რამეს დავამატებდი, თუმცა სამწუხაროდ, იმ რამდენიმე დღეში რაც მადრიდში ვიყავი, მე მეტი ვერაფერი მოვასწარი… და სანამ ბარსელონაში გადავიდოდი „სანტიაგობერნაბეუს” ნახვის გარეშე მადრიდს ვერ დავტოვებდი. ამიტომ, ამ საოცარ სტადიონს ვეწვიე. თუ თქვენც ისევე გიყვართ ფეხბურთი, როგორც მე, ეს აუცილებლად უნდა გააკეთოთ ამ ქალაქში ყოფნის დროს.ეს მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული სტადიონია – საოცრად დიდი ემოცია მოდის, როცა იქ იმყოფები, არ აქვს მნიშვნელობა მადრიდის რეალის გულშემატკივარი ხარ, თუ არა… თასები, ბუცები, სიგელები – ყველაფერი, ერთ სივრცეშია თავმოყრილი, რაც ამ გუნდის ისტორიას უკავშირდება. სანტიაგო ბერნაბეუზე შესვლა 25 ევრო ღირს.

ტრანსპორტი მადრიდში
კიდევ ერთი, მადრიდში გადაასადგილებლად შეგიძლიათ თამამად ისარგებლოთ საზოგადოებრივი ტრანსპორტით. ის მაღალ დონეზეა განვითარებული და აქ მეტროთი და ავტობუსით გადაადგილება დისკომფორტთან არ ასოცირდება. მგზავრობისღირებულება 1,5 ევროს შეადგენს.

რა თანხა დაგვჭირდებათ მადრიდში? – თანხების გადანაწილება და ფინანსების მართვა ძალიან ინდივიდუალურია. თუმცა, ესპანეთში კვება და სამოსი ძვირი არ ღირს. ქალაქში გადასაადგილებელი საზოგადოებრივი ტრანსპორტის ღირებულება (მეტრო და ავტობუსი), როგორც უკვე გითხარით – 1,5 -2 ევრომდეა. კვებით შეგიძლიათ ადგილობრივ, პატარა კაფეშკებს ეწვიოთ, რომლებიც უხვადაა მადრიდულ, როგორც ვიწრო, ისე ფართო ქუჩებში. გააჩნია თქვენ როგორი მჭამელი ხართ – 10-15 ევრო ერთი კვებისთვის სავსებით საკმარისია.  ეს თანხა გაამრავლეთ იმდენზე, რამდენჯერაც დღეში იკვებებით. მე პირადად, სასტუმროს ყოველთვის საუზმით ვიღებ, ამიტომ ქუჩაში კვება ბევრჯერ არ მიწევს.

რაც შეეხება მუზეუმებს – მათი ფასი მადრიდში 15-დან 20 ევრომდე მერყეობს.

რა ვნახოთ ბარსელონაში?
მადრიდისგან რადიკალურად განსხვავებულია ბარსელონა. თუ მადრიდი დავარცხნილი, არისტოკრატული, მდიდრული ქალაქია, გაწონასწორებული ხასიათით, ბარსელონა ნამდვილი არანორმალურია. ენერგიას ბოლომდე გაცლის და დღის ბოლოს გაგდებს. ზღვა, მზე, გაუდის განუმეორებელი, შესანიშნავი, გიჟური არქიტექტურა, ღამის ცხოვრება, პორტი – კატალონიის დედაქალაქი ყველაზე მეტად გამოხატავას ახალგაზრდების ხასიათს. აქ ვერ მოიწყენ.

ეს არის უზარმაზარი ქალაქი, ფაქტობრივად მუზეუმი ღია ცის ქვეშ, ულევი ემოციით. ქალაქის ძირითადი ღირსშესანიშნაობები თავს იყრიან სამ რაიონში: ძველი ქალაქი, ეშამპლე და მონჟუიკი.

ალბათ ამ ქალაქის ნახვა, მისი ისტორიული ცენტრიდან გოთიკური კვარტალიდან უნდა დაიწყოთ. აქ შენობების უმრავლესობა მე-14-15 საუკუნეებით თარიღდება. გოთიკურ კვარტალში იპოვით ძველი რომაელების დროინდელ ნაგებობებსაც. მთავარი ღირსშესანიშნაობაა საკათედრო ტაძარი, რომელიც მთელ ესპანეთში ერთ-ერთი ულამაზესია. ბარსელონას ყველაზე მონახულებად მუზეუმად მიჩნეული პიკასოს მუზეუმიც სწორედ ძველ ქალაქში მონტკადას ქუჩაზე მდებარეობს.

ქალაქის გულია კატალონიის მოედანი, საიდანაც ზღვის მხარეს მიდის მთავარი საფეხმავლო გზა– ლა რამბლა. ეს არის ქალაქის მთავარი ქუჩა, ყველაზე მეტად სავსე ტურისტებით. ამასთან, ცენტრალურ მოედანთან თავმოყრილია მრავალი ღირსშესანიშნაობა: კოლუმბის ძეგლი, ბარსელონას საგამოფენო ცენტრი, ეროვნული სასახლე, მარსეტის სასახლე.

ეშამპლეს რაიონს რაც შეეხება, ის მე-19 საუკუნეში დააპროექტეს, როდესაც მიხვდნენ, რომ აუცილებელი იყო ქალაქის გაფართოება. ეშამპლეში უნიკალური შენობების დიდი რაოდენობაა, რომელთა შორის სახელი გაუდის შედევრებმა გაითქვეს. მისი 170 მეტრიანი საგრადა ფამილია (წმინდა ოჯახი) ქალაქის სიმბოლოა. მრავალკოშკიანი ტაძრის მშენებლობა ანტონიო გაუდიმ 1883 წელს დაიწყო, თუმცა მისი აღმართვა დღემდე არდასრულებულა. ტაძრის მშენებლობის ოფიციალურად დასრულება და გახსნა 2026 წელს იგეგმება.

ანტონიო გაუდის შექმნილი უნიკალური შენობები ბარსელონას ქუჩების სილამაზეა. გაუდის ფერადი სახლები, გეულის სასახლე, ამავე სახელწოდების- პარკი ქალაქის მთავარი საუნჯეა..მოკლედ, აუცილებლად უნდა ნახოთ გაუდის ყველა ქმნილება, თუ კატალონიის დედაქალაქში იმყოფებით. საგრადა ფამილიადან დაწყებული- პარკ გუელით დასრულებული.
ქალაქის კიდევ ერთი გამორჩეული რაიონია მონჟუიკი- აქ შესაძლებელია ნახოთ – ციხესიმაგრე, კატალონიის ხელოვნების ეროვნული მუზეუმი, ჟოანმიროს მუზეუმი,მაგიური შადრევანი…

აუცილებლად სანახავია ბარსელონას სანაპიროები და პორტიც. ცალკე აღსანიშნავია ბარსელონას აკვარიუმი – ხმელთაშუა ზღვის წყალქვეშა ფაუნის შესწავლა-შენარჩუნების ერთ-ერთი მნიშვნელოვანიცენტრია. აქ შესვლა 20 ევრო ღირს. რაც შეეხება სანაპიროებს, ყველაზე პოპულარულია ბარსელონეტას რაიონის პლაჟი, რომელიც ქალაქის ცენტრშია.

აუცილებლად სანახავია ტიბიდოს ბორცვიც – 512 მ. სიმაღლიდან კატალონიის დედაქალაქი მთელი სილამაზით იშლება.

თუ მუზეუმები თქვენი გატაცებაა, ამ ქალაქში ასეთები უხვადაა: სამხედრო მუზეუმი, ეგვიპტის მუზეუმი, საზღვაო მუზეუმი, მუზეუმი CosmoCaixa, ბარბე-მიულერის ხელოვნების მუზეუმი, ილუზიის მუზეუმი, ბარსელონას ისტორიის მუზეუმი, ოლიმპიური თამაშებისა და სპორტის მუზეუმი, თანამედროვე ხელოვნების მუზეუმი და სხვა.

ისევე როგორც მადრიდში, წარმოუდგენელია გვერდი აუარო ფეხბურთს ბარსელონაშიც. კატალონიის დედაქალაქი მსოფლიო საფეხბურთო დედაქალაქიცაა. ამიტომ, აუცილებლად უნდა ეწვიოთ ნოუ კამპს – ჯადოსნურ სტადიონს, რომელზეც არც მეტი არც ნაკლები – ლეგენდარული ლეო მესი თამაშობს.

ტრანსპორტი ბარსელონაში – ასევე კვება და ფასები
მადრიდზე არანაკლებ განვითარებულია საზოგადოებრივი ტრანსპორტი კატალონიის დედაქალაქში. აქაც თავისუფლად შეგიძლიათ მეტროთი და ავტობუსით გადაადგილება. ერთი მიმართულებით გადაადგილება 2 ევროდან იწყება და მეტი ღირს. შეგიძლიათ იყიდოთ გარკვეული ე.წ ”ქარდებიც” – 2-5 დღიანი ერთიანი სამგზავროები, რომელიც შეუზღუდავ გადაადგილებას ნიშნავს და 14 ევრო ღირს. ასე რომ, ნუ გადაყრით ფულს ტაქსებში. ჯობს ეს თანხა ბარსელონური კერძების დაგემოვნებასა და შოპინგში დახარჯოთ. სხვათაშორის კვება და ჩაცმა ესპანეთში ძალიან იაფი ღირს. ასე, რომ ამ მხრივ დიდი თანხები არ დაგჭირდებათ.

ნუ წამოხვალთ ისე ბარსელონადან, რომ ტაპასი, ზღვის პროდუქტები და ადგილობრივი ტრადიციული გამაგრილებელი სასმელი „ორჩატა“ არ გასინჯოთ. გადასარევი კაფეები, რესტორნებია ბარსელონას მთავარ ქუჩაზე – ლა რამბლაზე განთავსებული. ქალაქის სული რომ შეიგრძნოთ შეგიძლიათ ამ ქუჩაზე, ერთ-ერთ კაფეში ჩამოჯდეთ და ყავა მაინც დალიოთ. გაითვალსიწინეთ, რომ ეს ცენტრალური ქუჩაა და შედარებით მაღალი ფასებია. სხვა მხრივ, ყოველ ნაბიჯზე შეხვდებით ღია, თუ დახურულ კაფეებსა და რესტორნებს, ამიტომ ყველგან შეძლებთ 10-15 ევროდ დანაყრებას.

რაც შეეხება მუზეუმებს, სხვადასხვა მნიშვნელოვან ადგილებს, შესვლის ღირებულება 15-დან 30 ევრომდე მერყეობს.

ფლამენკო
ჩემზე ყველაზე დიდი შთაბეჭდილება ამ ქალაქში, გარდა გაუდის არქიტექტურისა, ფლამენკოს ყურებამ მოახდინა. გოთიკურ კვარტალში ფლამენკოს 1 საათიან პროგრამას დავესწარი და ის ემოცია, რაც მსახიობების ცეკვამ, სიმღერამ, შესრულების მანერამ დამიტოვა, მთელი ცხოვრება გამყვება. ცნობისთვის, ეს ბედნიერება 25 ევრო დაჯდა.
მოკლედ, არ ვიცი, ვის რამდენად გამოგადგებათ ჩემი რეკომენდაციები. თუმცა, ვეცადე, რომ გამოცდილება გამეზიარებინა. ბედნიერ ფრენას და წარმატებულ მოგზაურობას გისურვებთ.

მოგზაური – Nini B.
2018 წელი

Close Menu